Forbes Georgia - ფაგოთერაპიის საუკუნოვანი მემკვიდრეობის გამგრძელებელი
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გლობალური გამოწვევაა, ფაგები და ფაგოთერაპია კი სულ უფრო მნიშვნელოვან ალტერნატივად ყალიბდება. აღნიშნული კუთხით მსოფლიო მედიცინის რუკაზე საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: აქ ფაგოთერაპია უკვე ას წელზე მეტია, გამოიყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრად მიიჩნევა. ინსტიტუტში წლებია, იწარმოება ფაგების პრეპარატები სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, ხოლო ბაქტერიოფაგის კლინიკა – ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – იმ იშვიათ სამედიცინო დაწესებულებებს შორისაა, სადაც ფაგოთერაპია კლინიკურ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. Forbes Georgia-სთან ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორმა დავით სტურუამ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მისიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
დავით, პირველ რიგში, როგორ და რა იდეის გარშემო შეიქმნა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი?
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1920-იან წლებში ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, გიორგი ელიავამ, ჩამოაყალიბა. მისი მთავარი იდეა იყო, რომ ფაგები მხოლოდ კვლევის ობიექტი არ ყოფილიყო, არამედ მათი გამოყენება პირდაპირ კლინიკურ პრაქტიკაშიც მომხდარიყო.
ფაგოთერაპია ბაქტერიოფაგების – ე.წ. „კარგი ვირუსების“ – გამოყენებას ეფუძნება, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებენ ბაქტერიებს და ადამიანის უჯრედებზე ზემოქმედებას არ ახდენენ. ელიავას მიზანი კი ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა იყო, რომელიც ფაგოთერაპიის საშუალებით ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს რეალურ დახმარებას გაუწევდა.
ეს ხედვა რეალობად წლების შემდეგ იქცა – 2009 წელს, ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, დამოუკიდებლად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.
როგორ პოზიციონირებს დღეს კლინიკა და, ზოგადად, როგორია საქართველოს როლი ფაგოთერაპიის სფეროში?
დღეს კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პაციენტებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა უკვე აღარ არის ეფექტიანი.
რაც შეეხება საქართველოს, ფაგოთერაპიის სფეროს განვითარებაში მას განსაკუთრებული როლი აქვს. საქართველოს გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ არასდროს შეწყვეტილა – მაშინაც კი, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა პრაქტიკულად შეჩერდა. სწორედ ამ უწყვეტი მემკვიდრეობისა და თანამედროვე მიდგომების შერწყმით, დღეს ჩვენი ცენტრი პაციენტებისთვის უნიკალურ და ხშირად გადამწყვეტ სამკურნალო შესაძლებლობად იქცა.
წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ