ელიავას კონსორციუმი შედგება გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, ელიავას ფონდისა და რამდენიმე შვილობილი კომპანიისაგან.

ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებმა დააარსეს არაკომერციული ორგანიზაცია ელიავას ფონდი.

კონსორციუმის მიზანია ელიავას პროდუქციისა და სერვისების ფართოდ გავრცელება და გამოყენება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დაცვის მიმართულებით. იგი, 1923 წლიდან დაგროვებული მდიდარი კვლევითი გამოცდილების საფუძველზე, ისწრაფვის ორგანიზაციის ზრდისა და განვითარებისთვის და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

  • კვლევა და განვითარება
  • გარემოს დაცვა
  • ადამიანის ჯანმრთელობა
  • სურსათის უვნებლობა
  • ცხოველთა დაცვა
  • ახალი პროდუქციის განვითარება
  • მცენარეულობის დაცვა
  • ბიოლოგიური გარემოს დაცვა

ელიავას ინსტიტუტი 1923 წელს დააარსა გამორჩეულმა ქართველმა ექიმმა, ბაქტერიოლოგმა და ბაქტერიოფაგების მკვლევარმა, პროფესორმა გიორგი ელიავამ. ინსტიტუტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფრანგული წარმოშობის ცნობილმა კანადელმა მეცნიერმა ფელიქს დერელმა, რომელიც ბაქტერიოფაგების ერთ-ერთი პირველი აღმომჩენია. ამ მეცნიერებმა ერთობლივად შეიმუშავეს თბილისში ფაგების კვლევისა და ფაგოთერაპიის მსოფლიო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა. სამწუხაროდ, ეს იყო სტალინური ტერორის ხანა. 1937 წელს ელიავა დახვრიტეს და დერელი აღარასოდეს დაბრუნებულა საქართველოში. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ელიავას ინსტიტუტი რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო სამეცნიერო-ინდუსტრიული კავშირი „ბაქტერიოფაგი“. იგი მოიცავდა ორ ძირითად ნაწილს - კვლევით ინსტიტუტსა და ინდუსტრიულ დეპარტამენტს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შედგებოდა ათი საწარმო ერთეულისაგან. მთლიანობაში „ბაქტერიოფაგში“ დაახლოებით 800 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგან 120 კვლევით საქმიანობაში იყო ჩაბმული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა ინდუსტრიული დეპარტამენტის ნაწილობრივი პრივატიზაცია. საბჭოთა პერიოდში ელიავას ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი ბიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და წარმოების საქმეში თითქმის ყველა ძირითადი ბაქტერიული და ვირუსული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა ჯილეხი/ციმბირის წყლული, rubies, ტუბერკულიოზი, ბრუცელოზი, სალმონელოზი, დიზინტერია და სხვა.

ელიავას ბიოპრეპარატების კომპანია შეიმუშავებს და აწარმოებს თერაპიულ და პროფილაქტიკურ ფაგურ პრეპარატებს ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ამჟამად კომპანია აწარმოებს ექვს სტანდარტულ ბაქტერიოფაგურ პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, რამდენიმე სხვა ფართო გამოყენების ინდივიდუალურ პროდუქტთან ერთად. ელიავას ბიოპრეპარატების კომპანიის მიზანია, გამოიყენოს ელიავას ინსტიტუტის უნიკალური ცოდნა და გამოცდილება უაღრესად ეფექტური და უვნებელი ფაგური პრეპარატების საწარმოებლად ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველთა და გარემოს დაცვის მიზნით. კომპანიამ მიიღო ექსკლუზიური უფლება, ისარგებლოს ელიავას ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევებით და აწარმოოს ინსტიტუტში შემუშავებული პრეპარატები. დღესდღეობით ჩვენი პროდუქცია სიამაყით ატარებს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამარკო ნიშანს. ელიავას ბიოპრეპარატების კომპანია იმ ფაგების წარმოების უშუალო მემკვიდრეა, რომელიც თითქმის 70 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ელიავას ინსტიტუტში. კომპანიაში დასაქმებულია ოცდაათზე მეტი მეცნიერი და ფაგების წარმოების სპეციალისტი, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ ელიავას ინსტიტუტში. ფაგები ბუნების ნაწილია. ადამიანის ჩარევის გარეშეც ასობით მილიარდი ფაგი ყოველწამიერად ებრძვის ბაქტერიების გავრცელებას ჩვენს პლანეტაზე და ინარჩუნებს იდეალურ ბალანსს. დღევანდელ დინამიკურ სამყაროში ბაქტერიებისადმი რეზისტენტულობა ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ გამოწვევად იქცა. ელიავას ინსტიტუტი თავისი კომპანიების ჯგუფთან ერთად იყენებს ბაქტერიოფაგულ მიკროორგანიზმებს სხვადასხვა ანტიბაქტერიული საშუალებისადმი ბაქტერიების რეზისტენტულობის პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ გვაქვს ბაქტერიოფაგების წარმოებისა და მეცნიერული, თერაპიული, ვეტერინარული, გარემოსდაცვითი და მრავალი სხვა დანიშნულებით მათი გამოყენებისათვის საჭირო მოწინავე ცოდნა და მდიდარი გამოცდილება. უკვე 90 წელზე მეტია ელიავას ინსტიტუტს არ შეუწყვეტია ნოვატორული კვლევა-ძიება ბაქტერიული პრობლემების გადასაჭრელად.

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკა ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული სულ რამდენიმე სამედიცინო ცენტრიდან, რომელიც სამკურნალოდ ფაგოთერაპიას მიმართავს. ცენტრი შედის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სტრუქტურაში - კვლევით დაწესებულებაში, რომელსაც 1923 წლიდან ბაქტერიოფაგიის კვლევისა და პრაქტიკული დანიშნულებით მისი გამოყენების მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები პედიატრიის, შინაგანი მედიცინის, უროლოგიის, გინეკოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, დერმატოლოგიისა და ქირურგიის მიმართულებით. ის პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ ქირურგიულ კონსულტაციებსა და კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას, რომლის სამკურნალო სტრატეგიის ძირითადი კომპონენტია ბაქტერიოფაგიის გამოყენება.

ელიავას დიაგნოსტიკური ცენტრი დააარსეს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერებმა 1990 წელს. 2008 წელს ცენტრი რამდენიმე სხვა კომპანიასთან ერთად შეუერთდა ელიავას ფონდს - არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დააფუძნა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა. 2013 წელს ფაგურ პრეპარატებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ელიავას დიაგნოსტიკურმა ცენტრმა და ელიავას ფონდმა დააარსეს ელიავას ავტორიზებული აფთიაქი. 2020 წელს ელიავას დიაგნოსტიკური ცენტრისა და აფთიაქის ფილიალები გაიხსნა ქალაქ რუსთავში. ცენტრში ამჟამად დასაქმებულია 36 პირი. 12 მათგანი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ლაბორატორიულ მედიცინაში, 9 მათგანი კი მედიცინის დოქტორია.  საქართველოში პირველად ამ ჯგუფმა ჩაატარა და კვლავაც განაგრძობს მაღალკვალიფიციურ ბაქტერიოფაგურ კვლევას, რომელიც მიკრობიოლოგიის ღრმა ცოდნას ემყარება. ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომელიც დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებას ითვალისწინებს, განსაზღვრავს ორგანიზმის მგრძნობელობას სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისადმი, მათ შორის კომერციული ბაქტერიოფაგების, ანტიბიოტიკებისა და სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად გამოყენებული პრეპარატების მიმართ.

ელიავას ავტორიზებული აფთიაქი გამოცდილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მედიკამენტებისა და სხვადასხვა პროდუქციის ფართო არჩევანს როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისა და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის. აფთიაქს აქვს პერსონალიზებული მედიკამენტების შედგენისა და შექმნის სპეციალური ლიცენზია, რომელიც გაცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. იგი აწარმოებს მაღალი ხარისხის ინდივიდუალურ ფაგურ პრეპარატებს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. აფთიაქის ბრენდული/საფირმო სახელი უკავშირდება ბაქტერიოფაგიის კვლევისა და გამოყენების მსოფლიოში ცნობილ ცენტრს - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს (თბილისი, საქართველო). ელიავას ავტორიზებული აფთიაქი დაარსდა 2013 წელს. აფთიაქის თანადამფუძნებლები არიან ელიავას ანალიტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი „დიაგნოზი 90“ და არაკომერციული ორგანიზაცია „ელიავას ფონდი - საქართველოს ფაგოთერაპიის ასოციაცია“.