02.02.2026

გაციება, ალერგია თუ ბაქტერიული ინფექცია? - გზამკვლევი სწორი დიაგნოსტიკისთვის

სეზონების ცვლასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დილემის წინაშე დგება. რისი ბრალია სურდო, ყელის ტკივილი და გაწითლებული თვალები, ჩვეულებრივი გაციების, ალერგიული რეაქციის თუ სერიოზული ბაქტერიული გართულების? ამ სამ მდგომარეობას შორის ზღვარი იმდენად ბუნდოვანია, რომ პაციენტები შეცდომით იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. ჩვენ, ელიავას ფაგოთერაპიული ცენტრის გუნდი, გირჩევთ, რომ სანამ მკურნალობას დაიწყებდეთ, გაეცნოთ ძირითად განსხვავებებს.

1. გაციება (ვირუსული ინფექცია)

გაციება, როგორც წესი, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაზიანებაა. მისი სიმპტომები თანდათანობით ვითარდება და 3 დან 10 დღემდე გრძელდება.

  • სიმპტომები: ყელის ტკივილი,  ცხვირის გაჭედვა, წყლიანი გამონადენი ცხვირიდან, ზომიერი ხველა და ხშირად დაბალი სიცხე (37.2°C - 37.5°C).
  • მკურნალობა: ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკი არ კურნავს, აქ მთავარია სითხეების მიღება, დასვენება და სიმპტომური თერაპია.

 

2. სეზონური ალერგია

ალერგია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა  გამღიზიანებლებზე (მტვერი, მცენარეების ყვავილობა, ცხოველის ბეწვი და ა.შ)

  • სიმპტომები: ინტენსიური ცემინება, თვალების გაწითლება და ქავილი, ცხვირიდან გამჭვირვალე, წყლისებრი გამონადენი. ალერგიას არასდროს ახლავს სიცხე.
  • სიმპტომები მწვავდება გარეთ გასვლისას ან კონკერუტულ ალერგენთან კონტაქტისას. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში, სანამ ალერგენი არსებობს.
  • საჭიროა ალერგოლოგის კონსულტაცია, შესაბამისი მკურნალობა და ალერგენისგან თავის არიდება.     

3. ბაქტერიული ინფექცია - როდის ხდება მდგომარეობა საყურადღებო?

ბაქტერიული ინფექცია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გაციების ან ალერგიის გართულება. როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია ვირუსით ან ალერგიული ფონით, ბაქტერიებს მარტივად ეძლევათ გამრავლების საშუალება.

  • სიმპტომები: მაღალი სიცხე, ყვითელი ან მწვანე სქელი გამონადენი ცხვირიდან, სახის არეში ზეწოლის შეგრძნება, ძლიერი ყელის ტკივილი.

 

რატომ რთულდება ალერგია და გაციება?

ბევრი პაციენტი ვერ აცნობიერებს, რომ ხანგრძლივი ალერგიული სურდო აზიანებს ლორწოვან გარსს. დასიებული და გაღიზიანებული ლორწოვანი გარსი ვეღარ ასრულებს თავის დამცავ ფუნქციას, რაც გზას უხსნის ბაქტერიულ ფლორას. შედეგად კი ვიღებთ ქრონიკულ სინუსიტს, ჰაიმორიტს ან ოტიტს.

ასეთ დროს ელიავას კლინიკის შინაგანი მედიცინისა და ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტები ერთობლივად მუშაობენ. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომის ჩახშობა, არამედ იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია გართულება.

დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

იმისათვის, რომ  დაინიშნოს სწორი, მიზნობრივი მკურნალობა, აუცილებელია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ჩვენთან გთავაზობთ:

  • ნაცხის ანალიზს: ცხვირიდან ან ხახიდან, რათა ზუსტად დადგინდეს რომელი ბაქტერიაა ჩართული პროცესში.
  • ბაქტერიოგრამას: იმის გარკვევას, თუ რომელი პრეპარატის მიმართ არის ეს ბაქტერია მგრძნობიარე.
  • სისხლის საერთო ანალიზს: გვეხმარება გავარჩიოთ ვირუსული და ბაქტერიული სურათი.

ფაგოთერაპია: უსაფრთხო გამოსავალი გართულებისას

მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიულ ინფექციებს ტრადიციულად ანტიბიოტიკით მკურნალობდნენ, დღეს სულ უფრო მეტი პაციენტი აწყდება ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრობლემას. გარდა ამისა, ალერგიული ადამიანებისთვის ეს გზა ბევრად უფრო საშიშია. თუ არის შესაძლებლობა ანტიბიოტიკი ჩანაცვლდეს ფაგებით, ჩვენ რეკომენდაციას ფაგოთერაპიის სასარგებლოდ ვიძლევით.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ  ბაქტერიოფაგების გამოყენებით ნადგურდება მხოლოდ პათოგენური ბაქტერიები და არ ზიანდება ორგანიზმის სასარგებლო ფლორა. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში ჩვენ ვიყენებთ ფაგებს ზედა სასუნთქი გზების ისეთი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა:

  • ჩირქოვანი სინუსიტი და ჰაიმორიტი.
  • ქრონიკული ტონზილიტი (,,გლანდების“ ანთება, ყელის ტკივილი)
  • ფარინგიტი და ლარინგიტი

ფაგოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია პედიატრიაში, რადგან ის არის სრულიად უსაფრთხო ბავშვის ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემისთვის და არ იწვევს დისბიოზს.

 

როგორ დავიცვათ თავი სეზონურად?

  • ნუ დაელოდებით გართულებას. გამოიყენეთ ზღვის წყლის სპრეი ცხვირის გამოსარეცხად, რათა ბაქტერიებმა ვერ მოასწრონ დასახლება.
  • გაციების დროს ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს „პრევენციისთვის“. ეს მხოლოდ ასუსტებს იმუნიტეტს.
  • ფიზიოთერაპია და მასაჟი, რომელსაც ჩვენი კლინიკა გთავაზობთ, გვეხმარება ორგანიზმის ზოგადი ტონუსის ამაღლებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

გახსოვდეთ, რომ ალერგია და გაციება მოითხოვს სწორ მართვას. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი მზად არის დაგეხმაროთ ზუსტი დიაგნოსტიკითა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმით.