02.12.2025

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი, რომელიც სამეცნიერო მემკვიდრეობასა და ინოვაციას აერთიანებს

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ზრდა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მედიცინა აქტიურად ეძებს ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლის ალტერნატიულ გზებს. დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ფაგოთერაპიაა – მეთოდი, რომელიც ბაქტერიოფაგების, იგივე ბუნებრივი "ბაქტერიების მტერი" ვირუსების გამოყენებას ეფუძნება.

ფაგები მხოლოდ პათოგენურ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანის უჯრედებს არ აზიანებენ, რაც მათ უსაფრთხო და შედეგიანი მკურნალობის საშუალებად აქცევს.

მსოფლიო მასშტაბით ფაგოთერაპია კვლავ კვლევის ეტაპზეა, თუმცა საქართველომ ამ სფეროში უნიკალური პოზიცია დაიკავა: სწორედ აქ, უკვე ას წელზე მეტია, მიმდინარეობს ფაგების შესწავლა, წარმოება და კლინიკური გამოყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში წამყვანია ამ სფეროში. აქ უკვე მრავალი წელია იწარმოება ფაგების პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის სტრუქტურის ნაწილია კლინიკაც და ის წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრს, სადაც ბაქტერიოფაგების თერაპია ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება.

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, გიორგი ელიავამ ჩამოაყალიბა. მისი იდეა იყო ფაგებით არა მხოლოდ სამეცნიერო მუშაობის, არამედ პირდაპირი კლინიკური პრაქტიკის განვითარება. ელიავამ მიზნად დაისახა ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა, რომელიც ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს სრულფასოვან დახმარებას გაუწევდა. ეს ხედვა წლების შემდეგ რეალურად ეხმარება პაციენტებს: 2009 წელს, ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.

ელიავას ბაქტეროთერაპიის ცენტრის შესახებ Entrepreneur ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორს, დავით სტურუას ესაუბრა:

"დღევანდელ რეალობაში კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს ფაგოთერაპიის მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს – მათ შორის არიან პაციენტები, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა. საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ უწყვეტად ინახებოდა და ვითარდებოდა მაშინაც კი, როცა დანარჩენ სამყაროში მასზე მუშაობა შეწყდა. სწორედ ამ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირებაზე დაყრდნობით, დღეს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა წარმოადგენს სივრცეს, სადაც უნიკალური მკურნალობის მეთოდები პაციენტებისთვის რეალურ გამოსავლად იქცა".

დავით სტურუა განმარტავს, რომ ფაგოთერაპიის მეთოდის მთავარი უპირატესობა, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, არის მაღალი სიზუსტე და უსაფრთხოება: ფაგები მხოლოდ პათოგენურ ბაქტერიებს უტევენ და ადამიანის უჯრედებს არ აზიანებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ეფექტურად გამოიყენება იმ შემთხვევებში, სადაც ტრადიციული ანტიბიოტიკები არ იძლევა შედეგს. უფრო კონკრეტულად, ეს მეთოდი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისას, სადაც წესით ანტიბიოტიკოთერაპიაა საჭირო. მაგალითად: ჩირქოვანი ჭრილობები და კანის ინფექციური დაავადებები; შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები – როგორიცაა ცისტიტი, პროსტატიტი, ვულვო-ვაგინიტი; ყელის, ცხვირისა და ყურის დაავადებები, კერძოდ სინუსიტები; სასუნთქი სისტემის დაავადებები – ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა ნაწლავის დისფუნქციით მიმდინარე დაავადებები.

წაიკითხეთ მეტი: დააჭირეთ აქ