23.10.2025

#OK! ფაგოთერაპია – მკურნალობის მეთოდი, რომელიც ქართულ მედიცინას გლობალურ ლიდერად აქცევს

დღეს, როცა ანტიბიოტიკების რეზისტენტობა გლობალური გამოწვევაა, ფაგები და ფაგოთერაპია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივად რჩება. ფაგოთერაპია არის მეთოდი, რომელიც იყენებს ფაგებს, ანუ „კარგ“  ვირუსებს ბაქტერიების გასანადგურებლად, ადამიანის ორგანიზმის უჯრედებზე კი გავლენას არ ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მედიცინის რუკაზე საქართველო ლიდერი ქვეყანაა, სადაც ფაგოთერაპია უკვე ას წელზე მეტია გამოიყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში წამყვანია ამ სფეროში. აქ უკვე მრავალი წელია იწარმოება ფაგების პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის. ბაქტერიოფაგის კლინიკა კი ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის და მსოფლიოში არსებულ იმ რამდენიმე სამედიცინო ცენტრს შორის ლიდერობს, რომელიც სამკურნალოდ ფაგოთერაპიას იყენებს.

 

როგორია ცენტრის შექმნის ისტორია და რით არის გამორჩეული საქართველო ფაგოთერაპიის მიმართულებით?

დავით სტურუა, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის – ბაქტერიოფაგის კლინიკის დირექტორი: ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი წარმოადგენს იმ უნიკალური ხედვის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნა ცნობილმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა გიორგი ელიავამ. მისი იდეა იყო ფაგებით არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ პირდაპირი კლინიკური პრაქტიკის განვითარება. მიზნად ჰქონდა ისეთი სამკურნალო ცენტრის შექმნა, რომელიც ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტებს გაუწევდა დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა წლების შემდეგ რეალურად განხორციელდა: 2009 წელს ინსტიტუტის მეცნიერების მხარდაჭერით, უკვე დამოუკიდებლად და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, დაარსდა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა.

დღევანდელ რეალობაში კლინიკა ლიდერის პოზიციებს იკავებს ფაგოთერაპიის მიმართულებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს – მათ შორის მათ, ვისთვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა შედეგს აღარ იძლევა.

საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ფაგოთერაპიის ტრადიცია აქ უწყვეტად ინახებოდა და ვითარდებოდა მაშინაც კი როცა დანარჩენ სამყაროში მასზე მუშაობა შეწყდა. სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით და თანამედროვე მიდგომების ინტეგრირებით, დღეს, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა წარმოადგენს იმ სივრცეს, სადაც მკურნალობის უნიკალური მეთოდები პაციენტებისთვის რეალურ გამოსავლად იქცევა.

წაიკითხეთ სრულად: დააჭირეთ აქ